ბიზნეს გეგმა - მისი არსი და დანიშნულება
ბიზნესი რთული სოციალურ-ეკონომიკური სისტემაა, ამიტომ მისი ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად საჭიროა შეიქმნას გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება თითოეული დეტალი, ნაბიჯი, რომლის დახმარებითაც ბიზნესი შეძლებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და წინსვლას.
ბიზნეს გეგმის შედგენის ძირითადი მიზნებია:
- მაღალი მომგებიანობისა და შრომის პროდუქტიულობის ზრდის უზრუნველყოფა, რესურსების მაქსიმალური გამოყენება;
- ცალკეული ერთეულების საქმიანობის მკაფიო კოორდინაცია და თანამიმდევრულობა;
- წარმოების პროცესისთვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირება;
- დაგეგმილი ამოცანების დროულად და თანაბრად შესრულება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს მომავალი საქმიანობის ყველა ძირითადი ასპექტი და გაანალიზებული ყველა ის პრობლემა, რომელსაც კი შეიძლება შეხვდეთ მომავალ საქმიანობაში, ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო ხერხებისა და მეთოდების ანალიზით.
ბიზნეს გეგმა ისეთი დოკუმენტია, რომელიც განაზოგადებს ბიზნესის დაწყებისათვის ან გაფართოებისთვის შესაძლებლობათა ანალიზს მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში და რომელიც ნათელ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები დასჭირდება ბიზნესს ახალი საჭიროებების და მიზნების მიღწევისთვის.
ბიზნეს გეგმა გეხმარებათ, შეისწავლოთ მომავალი ბაზარი, მისი განვითარების პერსპექტივები, შეაფასოთ ყველა ის დანახარჯი, რომელიც მოსალოდნელია ბაზრისათვის საჭირო პროდუქციის/მომსახურების დამზადებისა და რეალიზაციისათვის, რათა საბოლოო ჯამში განსაზღვროთ განსახორციელებლად ჩაფიქრებული საქმის პოტენციური მომგებიანობა, აღმოაჩინოთ ყველა შესაძლო წინააღმდეგობა , რომლებიც კი შეიძლება წინ შეგხვდეთ გეგმების განხორციელების საწყის ეტაპზე.
სწორად შედგენილი ბიზნეს გეგმა პასუხს იძლევა კითხვებზე: ღირს თუ არა საერთოდ დაბანდებული იქნეს ფული და დრო მოცემულ საქმეში და ანაზღაურდება თუ არა მატერიალური და ფინანსური დანახარჯები? თუ კი რამდენი პროცენტით?
სწორი, გამართული ბიზნეს გეგმა ნებისმიერი ზომის და ტიპის ბიზნესისთვისაა აუცილებელი. რაც უფრო დეტალურად არის გეგმა შედგენილი, მით უფრო მარტივდება დასახული მიზნის მიღწევა
ბიზნეს გეგმის ზუსტი შინაარსი იმ საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება, რომელიც ბიზნეს მისი შედგენის დროს გააჩნია.
სფეროს მიუხედავად ბიზნეს გეგმის უცვლელი კომპონენტებია:
მიზანი - ბიზნეს გეგმა, მისი არსი და მნიშვნელობა, რისთვის ვწერთ, რა მიზანს ემსახურება ის, როგორ გამოვიყენებთ და რა ვადით იქმნება მისი სარგებლობა მიზანშეწონილი;
ისტორია, რომელიც შენია- მოყევით, თუ როგორც გაჩნდა კომპანია, რა იდეას და იდეალებს ეფუძნება ის. რა დროს გაჩნდა პრობლემები, რა პროცესებმა გამოიწვია ისინი და როგორ გეგმავთ მათ მოგვარებას. ხაზი გაუსვით კომპანიის ღირებულებებისა და არაკომერციულ მიზნებს;
გუნდი - კომპანიის მენეჯმენტის სტრუქტურა, მმართველი გუნდის წევრები და მათი კომპეტენციები, გამოცდილება, ძლიერი მხარეები.
გაყიდვების გუნდის აღწერა, სამუშაო სპეციფიკა, სამუშაო აღწერა და გარემო. სახელფასო და საბონუსე სისტემა.
მნიშვნელოვანია პროცესში ჩართული გუნდის თითოეული წევრის ფასეულობის სწორი შეფასება და განსაზღვრა.
დარგის (ქვედარგის) აღწერა
ა)საწარმოებლად გათვალისწინებული პროდუქცია და მომსახურება. ყველა სახის პროდუქცია და მომსახურება, რომელიც შეთავაზებული იქნება გასაყიდად უნდა იქნეს ახსნილი: მომხმარებლის მიერ მისი გამოყენების წესი, ამასთან მათი გამოყენების, როგორც ძირითადი ისე მეორეხარისხოვანი სფეროები. პროდუქციის და მომსახურების განმასხვავებელი თავისებურებანი, ნიშნები და ისიც, თუ როგორ აქცევს (ხდის) ეს თავისებურებანი მათ მომხმარებლისთვის უფრო ღირებულს. აღსაწერია ნებისმიერი განსხვავება იმას შორის, რაც უკვე წარმოდგენილია ბაზარზე ამჟამად და, იმას შორის, რის წარდგენასაც აპირებთ.
ბ)ბაზრის მოცულობა (ზომა) და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციები. - როგორ ყიდულობენ მომხმარებლები თქვენ პროდუქციას და მომსახურებას, რა გზებით, (ყოველთვიური, ერთჯერადი, სესხით, განვადებით, წინასწარი გადახდით და ა.შ) მყიდველების მიერ შესყიდვის პროცესის თავისებურებანი, იმის ჩათვლით, თუ რა წარმოადგენს მათთვის მთავარ სტიმულს ყიდვის დროს (ფასი, ხარისხი, მიწოდების დრო, გაყიდვის შემდგომი მომსახურება, პირადი კონტაქტები და ა. შ) და ასევე, რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლების ლოიალურობის შესუსტება, რა დროს ამბობენ ისინი უარს თქვენ პროდუქტზე/მომსახურებაზე?!.
დღეს არსებული თქვენი ძირითადი მომხმარებლების აღწერა და გეგმა - მათთვის პროდუქციის/მომსახურების მომავალში მიყიდვის პერსპექტივები.
გ)კონკურენცია და კონკურენტული უპირატესობები
კონკურენტების სიძლიერის რეალური შეფასება - შემდეგი ჩამონათვალი გაგვიადვილებს სხვადასხვა ელემენტების ანალიზს, როდესაც წყვეტს იყიდოს თუ არა პროდუქცია თქვენგან ან თქვენი კონკურენტისგან: ხარისხი, მომსახურების ექსკლუზიურობა, უფრო დაბალი ფასები, ფართო ასორტიმენტი, პროდუქციის საიმედოობა, მიწოდების დროულობა, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, გაყიდვის შემდგომ პერიოდში მომსახურების გარანტია, პროდუქციის ექსპლუატაციაში დახმარება, თავაზიანი მომსახურება და.ა.შ.
დ) ბაზრის და გაყიდვების მოცულობის შეფასება;
ე) ბაზრის შემდგომი განვითარება;
ვ) ფასწარმოქმნა.
ფინანსები- კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დღეს და 6 (პირობითად) წლის განმავლობაში.
პროექტის მომგებიანობა, ზრდის პოტენციალი, როდის ველოდოთ მოგებას და რიცხვების მეშვეობით მარტივი ფინანსური ვარაუდები.საერთო და ოპერაციული მოგება.
მუდმივი და ცვალებადი ხარჯები.
ფირმის ოპერაციების დაწყების მომენტისათვის მომზადებაზე საჭირო ხარჯები.
ფინანსური ნაწილი მჭიდროდაა კავშირში ბიზნეს გეგმის ყველა დანარჩენ ელემენტთან, ამიტომ აღნიშნული კომპონენტი ყველაზე უფრო ზუსტი და დეტალური უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიზნეს გეგმა დაფინანსების მისაღებად გამოიყენება;
ღირებული გადაწყვეტა- აქ უნდა აღიწეროს ის, თუ რატომაა თქვენი პროდუქტი/მომსახურება ინოვაციური, როგორ აგვარებს ის მომხმარებლების პრობლემებს და რატომაა ეს მოგვარების გზა კონკურენტებისაზე უკეთესი. აქვე ხაზი გაუსვით გადაწყვეტის დროულობას და აღწერეთ მომხმარებლების პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც აპირებთ.
აღწერეთ რამდენად მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობა, რომელიც თქვენ გაქვთ ან რომელიც შეგიძლიათ შექმნათ, როგორც თქვენი ნოვატორული პროდუქტის/მომსახურების და სტრატეგიის შედეგი;
საბაზრო შესაძლებლობები- ბიზნესის სფერო, ბაზრის მოცულობა და ზრდის შესაძლებლობების აღწერა.
საუბარი იმაზე თუ რა სახის დაბრკოლებებს მოელით რეგიონალურ ბაზარზე შესვლისას? მაგ. მაღალი კაპიტალური დანახარჯები, მაღალი წარმოების ხარჯები, მაღალი მარკეტინგის ხარჯები, სამომხმარებლო აღიარება და ბრენდის ცნობადობა, ტრეინინგი და უნარ-ჩვევები, უნიკალური ტექნოლოგია და პატენტები, გადაზიდვის ხარჯები, კონკურენტული ფასწარმოქმნა, ქვეყნისათვის კანონმდებლობა/რეგულაციები და ა.შ. და რაც მთავარია, როგორ ვგეგმავთ მათ დაძლევას?
ვინ არიან პოტენციური მომხმარებლები, — ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია ? რატომ შეჩერდა არჩევანი მათზე? როგორ აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს თქვენი პროდუქტი?
თქვენი პოტენციური მომხმარებლის განსაზღვრა უმნიშვნელოვანესი ელემენტია, როგორც შემდგომი მარკეტინგული საქმიანობისთვის, ისე ეფექტური გაყიდვებისთვის, ამიტომაც ამ კომპონენტის ბიზნეს გეგმაში განსაზღვრა მისი სიზუსტის გარანტია.
კონკურენტების ანალიზი - პირდაპირი და ირიბი კონკურენტები, ბაზრის კვლევა, მათი პროდუქტს პოზიციონირება და მიზნობრივი აუდიტორია. დეტალურად აღწერა კონკურენტების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, გაარკვიეთ, რითი ჯობია მათ პროდუქტს თქვენი;
ბაზრის სტრატეგია- ბაზარზე შესვლისა და ადგილის დამკვიდრების გეგმა, მარკეტინგისა და პროდუქტის/მომსახურების განვითარება. მიზნები და და მათი მიღწევის გეგმა, პროდუქციის რეალიზაციის ტაქტიკა, პროდუქციის რეალიზაციის მეთოდები.
გაყიდვების გეგმა - ბაზარზე გასვლის, წარმოებისა და გაყიდვების ზრდის სტრატეგია:
გაყიდვის შემდგომი მომსახურების და გარანტიები,
საფინანსო გეგმა- საჭირო ინვესტიციების მოცულობა.
ბიზნეს გეგმის შედგენის დროს საჭიროა, ფართოდ იქნეს გამოყენებული სტატისტიკური ინფორმაცია(ამ ინფორმაციის პირველადი წყაროს ჩვენებით). ყველა წინადადება, მოსაზრება რომელიც გამოყენებულია გეგმაში, ნათლად უნდა იყოს აღნიშნული. ყველაფერი ეს დაგეხმარებათ, შექმნათ დამაჯერებელი დოკუმენტი. მთელი გეგმა ისე უნდა იყოს აგებული, რომ ინვესტორმა (დამკვეთმა) მარტივად იპოვოს მისთვის საინტერესო პუნქტი.
ბიზნეს გეგმა წარმოადგენს მართვის საუკეთესო ინსტრუმენტს. ეხმარება ბიზნესს გაერკვეს თავისი საქმის ზრდის პერსპექტივაში და პოტენციალში. ის საშუალებას გაძლევთ წინასწარ დაინახოთ მომავალში შესაძლო ცვლილებები, პრობლემები და კონტროლი გაუწიოთ მიმდინარე მოვლენებს და შეაფასოთ თქვენი ბიზნესის პროგრესი, როგორც აწმყოში ასევე სამომავლო პერსპექტივაში.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01