ვიწყებთ კამპანიას გზავნილი შვილებს
კამპანიის მიზანია, ვუთხრათ ჩვენს შვილებს, რომ ცხოვრება მშვენიერია. გვჯერა, რომ ამ კამპანიას სწრაფად აიტაცებენ ჯერ ჩვენი მეგობარი დედები და მამები, მერე ძალიან ბევრი მშობელი და საკუთარ შვილებს ამ ფორმით ეტყვიან, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია და რომ ყოველი დღე თენდება იმისთვის, რომ ამ მშვენიერებით დატკბნენ.
ვიწვევთ ჩვენს სამ მეგობარს, ვისაც ჰყავს თინეიჯერი შვილი/შვილები. მათ კიდევ სამი მეგობარი უნდა გამოიწვიონ და ასე, ბევრმა, ძალიან ბევრმა მშობელმა გავუზიაროთ ამ გზავნილით სიცოცხლის სიყვარული საკუთარ შვილებს და ვუთხრათ:
ჩემო საყვარელო...
ცხოვრება ძალიან ბევრი ბედნიერი წუთისგან შედგება და ეს წუთები შენ წინ გაქვს...
შენ უნდა ისწავლო, როგორ გახდე ბედნიერი და მიიღო სიამოვნება თითოეული წუთისგან. ამაზე მე, ჩვენ - ყველა ერთად ვიზრუნებთ...
გახსოვდეს, ამქვეყნად ყველაზე ფასეული შენი და შენი თანატოლების სიცოცხლეა და კიდევ ის, რომ ბედნიერები იყოთ... ამისთვის კი, გახსოვდეს, რომ სილამაზის აღქმის, სიკეთის, პატიების და თანაგრძნობის უნარი არასოდეს უნდა დაკარგო!.. და არასოდეს დაკარგავ ბედნიერების შეგრძნებას...
უნდა იცოდე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაგრამ მთავარია ეცადო, ყველაფრიდან დადებითი გამოცდილება მიიღო და ნებისმიერ სიტუაციაში გახსოვდეს, რომ შენ მარტო არ ხარ! შენ გვერდით მე ვარ, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ!
დიახ, ცხოვრება მშვენიერია!
დიახ, მე გიზიარებ სიცოცხლის სიყვარულს!