ქალები, რომლებმაც ციფრული სამყარო შექმნეს
ტექნოლოგიური ინდუსტრიის ევოლუცია ხშირად ასოცირდება დიდ კორპორაციებთან და ცნობილ მამაკაც ლიდერებთან, თუმცა ციფრული სამყაროს ფუნდამენტური არქიტექტურა დიდწილად ქალი მეცნიერების ინოვაციური ხედვით აიგო. დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ იმ პიონერებს, რომლებმაც შექმნეს პროგრამირების ლოგიკა, მონაცემთა გადაცემის პროტოკოლები და პროგრამული ინჟინერიის სტანდარტები.
ადა ლავლეისი
ადა ლავლეისი მე-19 საუკუნის მათემატიკოსი იყო, რომელმაც ჩარლზ ბებიჯის “ანალიტიკური მანქანისთვის” (თანამედროვე კომპიუტერის წინაპარი) პირველი ცნობილი ალგორითმი დაწერა. ეს ალგორითმი კომპიუტერული მანქანისთვის იყო განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი მანქანა მხოლოდ რთული “კალკულატორი” ეგონათ, ადამ გაცილებით შორს გაიხედა. მან იწინასწარმეტყველა, რომ თუ მანქანას სიმბოლოებით მუშაობას ვასწავლიდით, ის არა მხოლოდ ციფრებს დაითვლიდა, არამედ შეძლებდა მუსიკის კომპოზიციების შექმნას და გრაფიკული გამოსახულებების ხატვას. სწორედ ამ ხედვის გამო ითვლება ის - არა მხოლოდ პირველ პროგრამისტად, არამედ ციფრული სამყაროს წინასწარმეტყველადაც.

მარგარეტ ჰემილტონი - პროგრამისტი, რომელმაც კაცობრიობა მთვარეზე აიყვანა
მარგარეტ ჰემილტონი NASA-ს პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებას მაშინ ხელმძღვანელობდა, როცა ეს სფერო საერთოდ არ არსებობდა.
Apollo 11-ის მთვარეზე დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ხომალდის კომპიუტერი გადაიტვირთა. მარგარეტის მიერ დაწერილმა კოდმა შეძლო პრიორიტეტების განსაზღვრა - მან უგულებელყვო არამნიშვნელოვანი დავალებები და ფოკუსირდა დაშვების პროცესზე. ამან გადაარჩინა ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი.
მარგარეტმა შემოიღო მკაცრი ტესტირებისა და შეცდომების პრევენციის მეთოდები, რასაც დღეს ყველა სერიოზული IT კომპანია იყენებს.

რადია პერლმანი - “ინტერნეტის დედა"
წარმოიდგინეთ, რომ ინტერნეტი არის უზარმაზარი ქალაქი ბევრი გზითა და ჩიხით. რადია პერლმანი არის ადამიანი, ვინც ამ ქალაქში მოძრაობის წესები დააწესა, რომ მანქანები (ინფორმაცია) ერთმანეთს არ დაჯახებოდნენ.
80-იან წლებში კომპიუტერულ ქსელებში ინფორმაცია ხშირად ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებდა. ეს ჰგავს სიტუაციას, როცა მანქანა შედის წრიულში და იქიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებს. შედეგად, ქსელი იჭედებოდა და მუშაობას წყვეტდა. მან სულ რაღაც ერთ კვირაში გამოიგონა წესი (პროტოკოლი), რომელსაც STP ჰქვია. ეს სისტემა ავტომატურად პოულობს საუკეთესო და უმოკლეს გზას ინფორმაციისთვის, ხოლო "ზედმეტ“ გზებს დროებით კეტავს, რომ ინფორმაცია წრეზე არ წავიდეს.
მისი გამოგონების გარეშე დღევანდელი ინტერნეტი უბრალოდ ვერ იარსებებდა და მონაცემთა გადატვირთვის გამო მუდმივად გაითიშებოდა.

ჰედი ლამარი - მსახიობი, რომელმაც Wi-Fi-ს საფუძველი ჩაუყარა
ჰედი ლამარის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალურია. დღისით ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი იყო, ღამით კი გამომგონებელი. მას ხშირად "თანამედროვე კომუნიკაციების დედასაც“ უწოდებენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ხომალდებიდან ტორპედოებს უშვებდნენ, მტერი რადიოსიგნალს ადვილად პოულობდა და "ახშობდა“. ეს იგივეა, ვინმეს თქვენს საუბარში ხმამაღალი მუსიკით ხელი შეეშალა, რომ თქვენი ხმა ადრესატამდე არ მისულიყო.
მან მოიფიქრა სისტემა, სადაც სიგნალი კი არ ჩერდება ერთ ადგილას, არამედ მუდმივად "ხტუნავს“ ერთი სიხშირიდან მეორეზე (წარმოიდგინეთ, რომ საუბრის დროს ყოველ წამს სხვადასხვა ტელეფონზე გადადიხართ). მტერი ვერასდროს ხვდებოდა, სად იყო სიგნალი კონკრეტულ მომენტში.
დღეს მრავალი უკაბელო ტექნოლოგია, მათ შორის Wi-Fi, Bluetooth და GPS სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული.

გრეის ჰოპერი - ქალი, რომელმაც კომპიუტერს ჩვენი ენა ასწავლა
წარმოიდგინეთ, რომ კომპიუტერი არის უცხოელი, რომელსაც მხოლოდ ორი სიტყვა ესმის: "კი“ და "არა“ (ანუ 1 და 0). ადრე პროგრამისტებს უწევდათ ათასობით ასეთი ციფრის კომბინაციის წერა, რაც ძალიან რთული და დამღლელი იყო.
მან შექმნა პირველი კომპილატორი. ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც ადამიანის მიერ დაწერილ მარტივ ბრძანებებს (მაგალითად, "დაამატე“, "შეინახე“) თარგმნის კომპიუტერისთვის გასაგებ ციფრებში (1 და 0). ამით მან პროგრამირება მათემატიკური ლაბირინთიდან ჩვეულებრივ საქმიანობად აქცია.
გრეისმა მონაწილეობა მიიღო COBOL-ის შექმნაში. ეს იყო პროგრამირების პირველი ენა, რომელიც ინგლისურ სიტყვებს იყენებდა. ამან საშუალება მისცა ბანკებსა და დიდ კომპანიებს, კომპიუტერი ყოველდღიურ ბიზნეს-გამოთვლებში გამოეყენებინათ. ამ ენის სხვადასხვა ვერსიას ბევრი ორგანიზაცია დღემდე იყენებს. ასევე, სწორედ გრეის ჰოპერს ეკუთვნის ტერმინი “ბაგის” (Bug) დამკვიდრებაც, მას შემდეგ, რაც სისტემაში გაჭედილი ნამდვილი მწერი იპოვა.

ეველინ ბერეზინი - "ტექსტური პროცესორების დედა“
დღეს ჩვენთვის Word-ში ტექსტის წერა და შეცდომის მარტივად წაშლა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ადრე საბეჭდ მანქანაზე ერთი შეცდომა მთელი გვერდის თავიდან გადაწერას ნიშნავდა.
1960-იან წლებში ეველინმა შექმნა მსოფლიოში პირველი ციფრული ტექსტური პროცესორი (Data Secretary). ეს იყო კომპიუტერი, რომელიც სპეციალურად ტექსტის დასამუშავებლად შეიქმნა.
მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საოფისე პროგრამებს. გარდა ამისა, მან შექმნა პირველი ციფრული სისტემა ავიახაზების ბილეთების დასაჯავშნად - სისტემა, რომელიც 11 წლის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობდა.

ტექნოლოგიების სექტორში წარმატება არ იზომება მხოლოდ კოდის ხაზებით. ის იზომება გამბედაობით - დაინახო ის, რაც სხვებისთვის ჯერ არ არსებობს. ამ ქალებმა დაამტკიცეს, რომ ინოვაციას არ აქვს სქესი.
ჩვენი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტებზე, პატივს სცემს ამ მემკვიდრეობას. ჩვენ გვჯერა, რომ ციფრული მომავალი შენდება იქ, სადაც ინტელექტი და კრეატიულობა მთავარი პრიორიტეტია.
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!
Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01