რატომაა მნიშვნელოვანი ქუქი-ფაილები?

ვებსაიტზე შესვლისას შეტყობინება - "ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს“ - თითქმის ყველას გვინახავს. უმეტეს შემთხვევაში კი, ისე ვაჭერთ "Accept“-ს, რომ ზუსტად არ ვიცით, რას ვეთანხმებით.

ქუქი-ფაილები (Cookies) მცირე ზომის მონაცემებია, რომლებსაც ვებსაიტი მომხმარებლის მოწყობილობაში ინახავს. მათი დახმარებით საიტს შეუძლია დაიმახსოვროს გარკვეული პარამეტრები, გააანალიზოს მომხმარებლის ქცევა და ვებსაიტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი გახადოს.

მაგალითად, ქუქი-ფაილმა შეიძლება დაიმახსოვროს არჩეული ენა, ავტორიზაციის მდგომარეობა ან ის, თუ რომელი გვერდები დააინტერესა მომხმარებელს.

ყველა ქუქი-ფაილი ერთნაირი არ არის

მათი დანიშნულების მიხედვით, ქუქი-ფაილები რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

  • აუცილებელი ქუქი-ფაილები (Essential Cookies) - საჭიროა ვებსაიტის ძირითადი ფუნქციების მუშაობისთვის, მაგალითად, ავტორიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
  • ფუნქციური ქუქი-ფაილები (Functional Cookies) - იმახსოვრებს მომხმარებლის მიერ არჩეულ პარამეტრებს, მაგალითად ენას ან სხვა ინდივიდუალურ პრეფერენციებს.
  • ანალიტიკური ქუქი-ფაილები (Analytics Cookies) - ვებსაიტის მფლობელს ეხმარება გაიგოს, როგორ იყენებენ მომხმარებლები პლატფორმას: რომელ გვერდებს სტუმრობენ, რამდენ ხანს ჩერდებიან და საიდან მოხვდნენ ვებსაიტზე.
  • მარკეტინგული ქუქი-ფაილები (Marketing Cookies) - გამოიყენება მომხმარებლის ინტერესებისა და ქცევის გასაანალიზებლად და შესაბამისი რეკლამის ჩვენებისთვის.

სწორედ ამიტომ, ფრაზა "ქუქი-ფაილებზე თანხმობა“ ყოველთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს.

რატომ არის ქუქი-პოლიტიკა მნიშვნელოვანი?

ქუქი-ფაილების გამოყენება დაკავშირებულია მომხმარებლის მონაცემების დამუშავებასთან. ამიტომ ვებსაიტის მფლობელმა მკაფიოდ უნდა იცოდეს, რა მონაცემებს აგროვებს, რა მიზნით იყენებს და რა სერვისებთან ხდება მათი გაზიარება.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი 2024 წლის 1 მარტიდან მოქმედებს და მონაცემთა დამუშავებისას მნიშვნელოვან მოთხოვნებს აწესებს, მათ შორის, თანხმობის მიღებისა და მისი გამჭვირვალობის მიმართულებით. შესაბამისად, ვებსაიტმა მომხმარებელს მკაფიოდ უნდა აუხსნას, რა ტიპის ქუქი-ფაილებს იყენებს, რა მიზნით ხდება მათი გამოყენება და რა არჩევანი აქვს თავად მომხმარებელს.

მესამე მხარის ქუქი-ფაილები

არსებობს არა მხოლოდ იმ ვებსაიტის მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილები, რომელზეც იმყოფებით, არამედ მესამე მხარის ქუქი-ფაილებიც. მათ ხშირად იყენებენ ანალიტიკური და სარეკლამო სერვისები, რათა მომხმარებლის ქცევის შესახებ ინფორმაცია შეაგროვონ. მაგალითად, თუ კონკრეტულ პროდუქტს ვებსაიტზე ათვალიერებთ, მესამე მხარის ქუქი-ფაილების გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა მოგვიანებით იმავე ან მსგავს პროდუქტზე რეკლამა სხვა ვებსაიტზე ან სოციალურ ქსელში ნახოთ.

სწორედ ამიტომ, ქუქი-ფაილების მართვისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელი ტიპის ფაილებს ვიყენებთ და რა მიზნით ხდება მათი გამოყენება.

რა ხდება, თუ ქუქი-ფაილებს არ დავთანხმდებით?

ქუქი-ფაილებზე უარის თქმა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ვებსაიტის გამოყენებას ვეღარ შეძლებთ. აუცილებელი ქუქი-ფაილები, როგორც წესი, საჭიროა საიტის ძირითადი ფუნქციებისთვის, ხოლო ანალიტიკური ან მარკეტინგული ქუქი-ფაილების გამორთვის შემთხვევაში შესაძლოა უბრალოდ გარკვეული ფუნქციები ან პერსონალიზებული რეკლამები აღარ იყოს ხელმისაწვდომი.

ამიტომ, ქუქი-ფაილების შესახებ შეტყობინების მიღებისას ყოველთვის ღირს იმის ნახვა, რა ტიპის მონაცემების გამოყენებაზე გვთხოვს ვებსაიტი თანხმობას.

ქუქი-ფაილები ვებსაიტის მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ამარტივებს პლატფორმის გამოყენებას, ეხმარება ვებსაიტის მფლობელს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში და ზოგ შემთხვევაში რეკლამის პერსონალიზებაშიც გამოიყენება.

თუმცა, "Accept“-ზე დაჭერამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ვეთანხმებით. გამჭვირვალე ქუქი-პოლიტიკა კი სწორედ ამისთვისაა საჭირო - მომხმარებელმა მარტივად უნდა გაიგოს, რა მონაცემები მუშავდება, რა მიზნით და რა არჩევანი აქვს მას.

იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons Development-ს!

Lemons Development-ის გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.

მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა

კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01

რატომაა მნიშვნელოვანი ქუქი-ფაილები?

სხვა სიახლეები