ეფექტური გუნდის საიდუმლოებები
გუნდი ესაა გარკვეული მიზნის გარშემო, კონკრეტული ნიშნით გაერთიანებული, ორგანიზებული ადამიანთა ერთობა, რომელიც მუშაობს საერთო საქმისთვის. ის განსხვავდება ჯგუფისგან, რომელიც შეიძლება ადამიანთა მექანიკური ერთობა იყოს და არ გააჩნდეს რაიმე შინაარსი. გუნდის შეკვრა საკმაოდ რთული პროცესია, ხოლო მისი მართვა კიდევ უფრო რთული. ამის მიზეზი ისაა, რომ იგი ცალკეული პიროვნებებისგან შედგება, რომელთაც აქვთ მკვეთრად ინდივიდუალური ფსიქოლოგია, ამბიციები, უნარები, კომუნიკაციის ფორმები და სხვა. გუნდის მართვის რამდენიმე თეორიული მოდელი არსებობს, რომელთა განხილვაც შორს წაგვიყვანს. თანამედროვე პერიოდში, როდესაც მკაცრი მოდელი წარსულს ჩაბარდა და გუნდის შიგნით ლოიალური მიდგომები დამკვიდრდა, დაიწყო აქტიური მუშაობა პრობლემათა გამოსავლენად და მათ გამოსასწორებლად (პირველ მოდელში სისტემა მკაცრია და მიმართულია ინდივიდთა შეზღუდვისკენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგზე გასვლის კარგი გზა ვერ იქნება).
იმისათვის, რომ გუნდმა ეფექტურად იმუშაოს მნიშვნელოვანია შემდეგი:
- მოსმენა
სხვადასხვა კვლევებით მოსმენა ერთ-ერთი უმთავრესია იმ უნართაგან, რომელიც ნებისმიერ გუნდს უნდა გააჩნდეს. მრავალრიცხოვან გუნდში ბუნებრივია განსხვავებული შეხედულებების არსებობა, რომელიც პატივისცემით უნდა იქნას მოსმენილი/გააზრებული და არგუმენტირებულად უარყოფილი/მიღებული.
გუნდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია კრიტიკა და კამათიც კი, თუმცა მნიშვნელოვანია ეს იყოს არგუმენტირებული და ეთიკურ ჩარჩოებში მოქცეული. წინააღმდეგ შემთხვევაში წევრებს შორის ჩნდება ურთიერთჯიბრი და აგრესია, რაც საწყის ეტაპზე დაძაბულ ატმოსფეროს, საბოლოოდ კი მის დაშლას მოიტანს.
- ემპათია
ემპათია ეს არის უნარი ადამიანმა გაიგოს და გაიზიაროს სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებაა. ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით ტემპერამენტით, ემოციურობითა თუ ხასიათით და ამიტომ უნდა შეგვეძლოს ურთიერთგაგება.
ემპათია როგორც წესი იგივე შედეგს იძლევა, რაც ერთმანეთის მიმართ მზრუნველობით განწყობილ გუნდს გვაძლევს. თანამშრომლები, რომელთანაც ჩვენი დღის დაახლოებით მესამედს ვატარებთ იმსახურებენ გაგებას. ემპათია სწორ კომუნიკაციში დაგვეხმარება , რაც საქმეს გავიმარტივებს და გართულებებს თავიდან აგვარიდებს. ზოგჯერ ადამიანები იძულებულები ვართ კონკრეტული ინდივიდის სახასიათო ჩვევებზე თვალი დავხუჭოთ, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს. გახსოვდეთ ურთიერთობები კომპრომისების ხელოვნებაა.
- მხარდაჭერა და პროგრესულობა
„კარგი გუნდი“ ყოველთვის მომართულია დაინახოს შესაძლებლობები ზრდისთვისა და განვითარებისთვის. გუნდის წევრებს შორის დანერგილია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა. ისინი პერიოდულად აფასებენ გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ეძებენ გზებს დასწავლისთვის, გაუმჯობესებისთვის და არ უშინდებიან ცვლილებებს.
როდესაც გუნდში მხარდამჭერი გარემოა შექმნილი, ეს აუცილებლად წაახალისებს ღია და გულწრფელ კომუნიკაციას, რაც თავის მხრივ ნერგავს კითხვების დასმის, დიალოგისა და უკუკავშირის კულტურას.
- რწმენა
მნიშვნელოვანია გუნდს სწამდეს იმის, რასაც აკეთებს, დასახული მიზნების, წარმატების, ერთმანეთისა და საკუთარი თავის. ნდობა ადმინისტრაციასა და გუნდს შორის საკვანძო საკითხია. ეჭვებმა არ უნდა დააზიანონ გუნდის ერთიანობა.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ყველა მზად უნდა იყოს შეცდომებისა და წარუმატებლობებისთვის, რომელთა გადალახვისთვისაც ეს პუნქტი მნიშვნელოვანია.
- თავისუფალი გარემო
გუნდი უნდა მუშაობდეს თავისუფალ გარემოში, თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს პერსონალური თავისუფლება (პასუხისმგებლობებთან ერთად). წნეხი და ინდივიდების ჩახშობისკენ გადადგმული ნაბიჯები აზიანებს თავისუფალ გარემოს, რომლის გარეშეც კრიტიკული აზროვნება ძალზედ რთულია. საჭიროა მაღალი მიმღებლობა და სიხისტის შემსუბუქება. თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაში დიდი ადგილი უჭირავს იუმორის გრძნობასა და გახსნილ ურთიერთობებს (მათ შორის თვითირონიასაც), რაც მძიმე შრომის შემსუბუქებაში გვეხმარება.
არსებობს არაერთი კვლევა რომელიც გვეუბნება, რომ თავისუფალ გარემოში მომუშავე პირები, რომლებიც სარგებლობენ ნდობით და აქვთ განსაზღვრული დედლაინები უფრო მარტივად და სასიამოვნოდ ასრულებენ საქმეს. ზემოხსენებული მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობისა და შრომითი ეფექტურობისთვის. გუნდს თავისუფლება აძლევს მეტ დამოუკიდებლობასა და თვითორგანიზების უნარს.